- სამოქალაქო ჰუმანიზმი
- ფლორეცნიელი ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ ალამინო რინუჩინიმ (1426-1499) ციცერონი (ძვ.წ. 106 - ახ.წ. 43) და მის მიერ წარმოდგენილი სტოელთა ფილოსოფია ჩათვალა საკუთარი სოციალური თეორიის, „სამოქალაქო ჰუმანიზმის“ საუკეთესო საყრდენად. ამ პოზიციას ბევრი იზიარებდა (ქრისტოფორო ლანდინო (1424-1504), პოლიციანო და სხვა). ეს იყო ძველი რომაული პრინციპების აღორძინების ცდა: საზოგადოებრივი კეთილდღეობის პირადულზე მაღლა დაყენება.რინუჩინი წარმატებული ფლორენციელი ვაჭრების ძველ და გავლენიან გვარს ეკუთვნოდა, რომლის წევრები XV ს.-ში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ფლორენციის რესპუბლიკის სამოქალაქო და ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ციცერონის და მისი სახით სტოელთა ფილოსოფიის სანიმუშოდ მიჩნევა იმაზე მიუთითებს, რომ რინუჩინის არ სურდა სამართლიანი სახელმწიფო წყობილება, პლატონისა და თ. მორის მსგავსად, მხოლოდ უტოპიურად მიეჩნიათ. მაგრამ არც ის მიაჩნდა სწორად, რომ რეალური სამოქალაქო ცხოვრება, მაკიაველის მსგავსად, მხოლოდ შავ ფერებში დაენახა, ანუ მორალის პრინციპები და სამოქალაქო ცხოვრების ჰუმანიზმი შეუთავსებლად მიეჩნია. სტოური ფილოსოფიის მიერ ზნეობრივი ცხოვრების ცენტრის გადატანა ადამიანის სულიერ სამყაროში და, შესაბამის პირობებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი დანერგვისათვის მზადყოფნის მოთხოვნის პრინციპი კარგად გამოხატავდა რინუჩინისა და მისი თანამოაზრეების მიერ არჩეულ მესამე, საშუალო გზას. მას „სამოქალაქო ჰუმანიზმსაც“ უწოდებენ. ამ ჰუმანიზმის კრედო შეიძლებოდა ასე გამოგვეხატა: ყველაფერი გააკეთე საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი სრულყოფისათვის; მუდამ მზად იყავი ემსახურო შენი ქვეყნის კეთილდღეობას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს; მაგრამ თუ შენს ქვეყანას არ სურს შენი სამსახური და შენი მსხვერპლი, განზე გადექი და გააგრძელე საკუთარი თავის სრულყოფა, იმ იმედით, რომ როცა იქნება, დასჭირდები შენს ქვეყანას. ამ კრედოში ძნელი დასანახი არაა თავად ა. რინუჩინის ფაქტიური ცხოვრების გზის ამოკითხვა.Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
Georgian encyclopedia. 2013.